მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას სერტიფიცირებული ფიზიკური პირები ვეღარ განახორციელებენ – კანონპროექტი
- ბიზნესიეკონომიკა
- თებერვალი 11, 2026
- 29
მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას სერტიფიცირებული ფიზიკური პირები ვეღარ განახორციელებენ და ამის უფლება მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოებს ექნებათ. მთავრობამ პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე გათვალისწინებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმაში
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების კანონპროექტიც უნდა წარადგინოს.
კანონპროექტის მიხედვით, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას ობიექტებზე განახორციელებენ მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები და სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირებს აღარ ექნებათ ამ კონკრეტული სამუშაოს განხორციელების უფლებამოსილება.
248-ე განკარგულებაში, სადაც მთავრობის მიერ შემუშავებული 59 კანონპროექტია წარმოდგენილი, დოკუმენტის ავტორები განმარტავენ რატომ გაჩნდა ამ ცვლილებების ინიციირება საჭირო.
„მშენებლობის ზედამხედველობა კომპლექსური პროცესია და მოცულობითი სამუშაოს განხორციელებასთან, სხვადასხვა კვალიფიკაციის ექსპერტთა ჩართულობასა და მთელ რიგ ლაბორატორიულ გამოცდებთან/კვლევებთან არის დაკავშირებული, რასაც ერთი, თუნდაც სერტიფიცირებული ზედამხედველი ექსპერტი ვერ უზრუნველყოფს. მშენებლობის ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების გუნდი, კერძოდ, სამშენებლო კონსტრუქციების მშენებელ-ინჟინერი, წყალმომარაგების, წყალარინების, კანალიზაციის ქსელების ინჟინერი, გათბობაგაგრილება-ვენტილაციის ქსელების ინჟინერი, ელმომარაგების ქსელების ინჟინერი, სუსტი დენების ქსელების ინჟინერი და სხვა, რომელთა ეფექტურ კოორდინაციას, ურთიერთშეთანხმებული მუშაობის ორგანიზებას და კონტროლის უზრუნველყოფას დამატებით ცალკე კვალიფიკაცია ესაჭიროება, რასაც შეძლებს მხოლოდ გამართული მენეჯმენტის მქონე ორგანიზაცია. სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ შეუძლებელი იქნება მითითებულის განხორციელება და
მათი ბაზარზე დაშვებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი მომსახურების თანაზომადი ხარისხი, რაც გამოიწვევს ზედამხედველობის ხარისხის დაწევას ბაზარზე და პირდაპირ უარყოფითად აისახება მშენებლობის ხარისხზე.
აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17020-ის შესაბამისად აკრედიტებულ იურიდიულ პირებს, ინსპექტირების ორგანოებს აქვთ ვალდებულება, მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში ჩართული ჰყავდეთ არა მხოლოდ ერთი ინსპექტორი, არამედ კომპეტენტური პერსონალის მთელი გუნდი, ზემდგომი თანამშრომლები – ხარისხის მენეჯერი, ტექნიკური მენეჯერები და ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი, რომლებიც აკონტროლებენ ინსპექტორის მიერ ზედამხედველობის განხორციელების პროცესს, აგრეთვე ტექნიკური და ადმინისტრაციული წესით ამოწმებენ ინსპექტირების შედეგად გამოცემულ ინსპექტირების ანგარიშებს, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ინსპექტორის შეცდომის ან არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დღეს მოქმედი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 119 მუხლის მიხედვით: „მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი. აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს მშენებლობის ზედამხედველობას ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. სერტიფიცირებული ექსპერტი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირი, რომელიც შესაბამისი სერტიფიკატის საფუძველზე ახორციელებს მშენებლობის ზედამხედველობას ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამასთან, აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, სერტიფიცირებული ექსპერტი უფლებამოსილია ტექნიკური ზედამხედველობა განახორციელოს მხოლოდ ისეთ საქმიანობაზე, რომლისთვისაც ის არის აკრედიტებული ან სერტიფიცირებული.